"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ოპოზიციაში აფასებენ.
განსაკუთრებით ორაზროვანი შეფასება გამოიწვია დოკუმენტის იმ ნაწილმა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოიკოტსა და ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ იმუშაოს პარლამენტში, გამოკითხულთა 60% არ ეთანხმება.
"ჩემთვის ნამდვილად არ იყო სიახლე ის განწყობა, რაც IRI-ის კვლევამ აჩვენა. არავის არ უნდა და დაიღალნენ ამ განუწყვეტელი დაპირისპირებით და ერთმანეთთან ჭიდაობით. ხალხს უნდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და საუბარი მათ პრობლემებზე დავიწყოთ," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი.
"გირჩის" ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის განცხადებით კი ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია განპირობებულია იმით, რომ ორივე მხარეს რადიკალური პოზიციები აქვთ.
"პოლარიზაცია განპირობებულია იმით, რომ ასეთი რადიკალური პოზიციები აქვთ როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, უბრალოდ, ხელისუფლება ნაკლებად ზარალდება, ოპოზიცია კი მეტად,"- აღნიშნავს ვახო მეგრელიშვილი.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, საზოგადოებას სურს პოლიტიკის კეთება არა ქუჩაში, არამედ საკანონმდებლო ორგანოში.
"მოსახლეობის 60% ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და პოლიტიკა უნდა იწარმოოს პარლამენტში. ცხადია, საზოგადოების დაკვეთა ვერ იქნება ხელახალი არჩევნები, ვინაიდან არ არსებობს ბუნებაში რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს,"- აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.