პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის დროს გამართული შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპონენტ ლიდერებს დოკუმენტზე ხელმოწერა რამდენჯერმე შესთავაზა.
საუბარია შეხვედრის იმ დეტალზე, რომლის შესახებაც ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" გიორგი რურუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზეც მზად იყო და ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ კითხვაც დასვა.
"დაახლოებით, როგორც მახსოვს, 5-ჯერ უტრიალდებოდა არჩილ თალაკვაძე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და სთავაზობდა ხელმოწერას, რომ თუ ისინი მოაწერდნენ, ქართული ოცნებაც მოაწერდა. უბრალოდ, რურუასთან დაკავშირებული ფრაზა უბრალოდ მეხსიერებაში ზუსტად არ მაქვს და არ შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ისტორიას მე არ ჩავთვლიდი "ქართული ოცნების" მზადყოფნად, რომ ხელი მოეწერა. ანუ, სინამდვილეში "ქართულ ოცნებას" სრული შესაძლებლობა ჰქონდა, რურუას ქეისი განსაკუთრებით ადასტურებდა ამას. ოღონდ, მე სხვა რამ უფრო კარგად მახსოვს, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესთავაზა "ქართულ ოცნებას" რურუას ქეისის გადაწყვეტა, ამაზე "ქართული ოცნება" მაინცდამაინც ბედნიერი არ იყო და არც თანახმა იყო. აქედან გამომდინარე, ერთმანეთზე დაბრალება მგონია მე პრობლემა.
ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ პოლიტიკურ ნებაზეა და არა ტექნიკური გადაწყვეტილების სისწორეზე ან არასწორობაზე. აქ არის პოლიტიკურ ნებაზე, გინდა თუ არა, შენ შეხვიდე ამ პროცესში და მერე იპოვო გზა და როდესაც მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობიდან" წინადადება იყო რურუას ქეისზე, ძალიან ადეკვატური იქნებოდა "ქართული ოცნების" დათანხმება ამ წინადადებაზე. შესთავაზა რომ, როგორც ნიკა მელიას ქეისი, ამნისტიის ფარგლებში განგვეხილა, იმიტომ რომ შინაარსობრივად, რურუას ქეისი 20 ივნისის გაგრძელება იყო, მერე რა რომ იყო 6 თვის შემდეგ, ანუ რეალურად, იმ პრობლემის და კონფლიქტის შედეგი იყო რურუას დაჭერაც და სინამდვილეში, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კონფლიქტის შედეგია ის დაჭერილი ადამიანები, ციხეში რომ სხედან,“ - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.