საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები გეგმას მიჰყვებიან. მასში ცვლილებები ვერც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებმა შეიტანა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ მოქალაქეთა 60 პროცენტისთვის ოპოზიციის პარლამენტს მიღმა ყოფნა მიუღებელია. პოლიტიკურ ძალებში კვლევის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა.
გამოკითხულთა პოზიციას სრულად იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდეს და პოლიტიკურმა პროცესებმა სწორედ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლოს.
"ქართულ ოცნებაში" კი ოპონენტებს ურჩევენ, გაიაზრონ კვლევის შედეგები და თანამშრომლობა საკანონმდებლო ფორმატში განაგრძონ.
ბოიკოტის გარდა რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოკითხულებს აზრი ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებითაც ჰკითხა. პასუხი კი მომხრე და მოწინააღმდეგეებს შორის თანაბრად გაიყო. ამ შედეგების ნაკლებად სჯერათ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ 2 თვის წინ ჩატარებულ კვლევასთან შედარებით შედეგები ახლა განსხვავებული იქნება. ნაწილი კი საზოგადოებრივი აზრის გადამოწმების საუკეთესო საშუალებად პლებისციტის ჩატარებას მიიჩნევს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის ფონზე აქტუალობას არც დღეს კარგავს კითხვა - რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებას. ზუსტი თარიღი ისევ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს იწყებს. "გირჩი" ნიკა მელიას სასამართლო სხდომას დაელოდება, ამის შემდეგ გადაწყვეტს როდის და რა ფორმატში შეხვდეს "ქართულ ოცნებას".