ევროპარლამენტის დეპუტატი მიქაელ გალერი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად კომპრომისისკენ პირველი ნაბიჯი მმართველმა გუნდმა უნდა გადადგას.
ამასთან, გალერი ოპოზიციას მოუწოდებს, შევიდეს პარლამენტში და იმუშაოს მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებისთვის.
"ჩემი აზრით, ახლა დროა, რომ საქართველომ იფიქროს და გაიაზროს. ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პარტიები მივლენ იმ აზრამდე, რომ უკეთესია მიაღწიონ კომპრომისს. კარგად ვიცი დამოკიდებულებების შესახებ: რომ დომინანტი საქართველოში ყოველთვის უნდა იყოს დომინანტი, რომ პოლიტიკური პარტიები უპირატესობას ანიჭებენ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათ ჰქონდეთ. მე ვიცნობ ამ დამოკიდებულებას და პოზიციას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს შეთანხმებას და პრობლემების მოგვარებას. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ორივე მხარეს, რომ მოძებნონ გზა წინსვლისთვის, რათა მიაღწიონ კომპრომისს, ქვეყნის საკეთილდღეოდ. ხალხი ამას ელოდება პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისგან, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც არაერთხელ გვითქვამს, პირველი ნაბიჯი მმართველმა გუნდმა უნდა გადადგას. ამის შემდეგ უკვე მოლოდინი გაჩნდება ოპოზიციის მიმართ.
რა წინადადებებიც წარადგინა ბატონმა დანიელსონმა, ვფიქრობ, შესაძლოა იყოს გამოსავალი. მას არ აქვს პრეტენზია, რომ ეს დოკუმენტი ყველა გამოსავალს მოიცავს, თუმცა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ ხელისუფლება გადადგამს პირველ ნაბიჯს, საპასუხოდ, შეიძლება ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და განაცხადოს, რომ ისინი ითანამშრომელებენ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით. ეს შესაძლოა, იყოს ვითარებიდან გამოსვლის გზა. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ქართველებმა უნდა გაიაზრონ.
ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში, ეს არის გზა დემოკრატიისკენ, ერთპარტიული პარლამენტი წარსულში დარჩა. კრიტიკა რაც ოპოზიციას აქვს, პარლამნეტში უნდა გამოხატონ და არა გარეთ. თუ ასე გაგრძელდება, მხოლოდ კრემლი იქნება ბედნიერი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობის სურვილს, ასევე, პარტიების უმრავლესობის სურვილს, რომ გაგრძელდეს სვლა ევროპული გზით. ეს არის მომავლის გზა. ეს არის გზა, რასაც მოაქვს პოზიტიური ცვლილებები,"-განაცხადა მიქაელ გალერიმ.
საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასა ვროკომისიის სპიკერმა ნაბილა მასრალიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ კრისტიან დანიელსონმა მისი მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს, მალე კი მსჯელობა შემდგომ ნაბიჯებზე იქნება.
"31 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი დესპანის ბატონი კრისტიან დანიელსონის მეორე მისია საქართველოში პარტიებს შორის შიდა პოლიტიკური კრიზისის შესახებ შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. არც ერთი მხრიდან, არც მმართველი პარტიიდან და არც ოპოზიციიდან, არ იყო პოლიტიკური ნება, რომ შეთანხმებულიყვნენ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებებზე.
როგორც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ აღვნიშნეთ, ქართველ პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული მოძებნონ კომპრომისი. ეს მოწოდება ძალაშია. ბატონმა კრისტიან დანიელსონმა მისი მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს. ახლა შემდგომ ნაბიჯებზე შიდა მსჯელობა იქნება,"- აცხადებს ნაბილა მასრალი.