ის რის დამტკიცებასაც რუსეთი სტრასბურგში ცდილობდა, იუსტიციის სამინისტრომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სტატუსში ამოიკითხა. სერგი კაპანაძე თავის ფეისბუკ-სტატუსში, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის მხრიდან დასმულ შეკითხვას ეხება, წერს, - "არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი". ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ მალევე გაკეთდა კომენტარი იუსტიციის სამინისტროში.
სერგი კაპანაძის სტატუსს რეაქციები მოჰყვა მმართველი გუნდიდან სოციალურ ქსელშივე. ურთიერთბრალდებები ფეისბუქში გაგრძელდა და მალე "ქართული ოცნების" ლიდერებს თავად სერგი კაპანაძემ უპასუხა ვრცელი სტატუსით, სატელევიზო კომენტარზე კი უარი თქვა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სერგი კაპანაძის ფეისბუკ-პოსტში რუსული ინტერესები ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ამის მიუხედავად ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავს სენსიტიურ თემაზე განცხადებების გაკეთების დროს, პოლიტიკოსებს მეტი სიფრთხილე მართებთ.
"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ყველა ვინც თბილისის მხრიდან ცხინვალის დაბომბვაზე საუბრობს, ქვეყნის ინტერესებს, საერთაშორისო ასპარეზზე აზიანებს. მმართველი პარტიის ლიდერები სერგი კაპანაძეს და მის ყოფილ თანაგუნდელებს, ევროპარლამენტის იმ რეზოლუციაზე ხელმოწერას ახსენებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო.
2021 წლის 21 იანვარს "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგენლობით დაადგინა, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია და სწორედ ისაა პასუხისმგებელი საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე.