17 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
საქართველოში არსებულ არასტაბილურ ვითარებას და დემოკრატიის უკუსვლას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს - როლანდ ფრაუდენშტაინი

პოლიტიკის ექსპერტი როლანდ ფრაუდენშტაინი​ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ თუ ქვეყანას დასავლეთთან დაახლოება სურს, მაშინ პოლიტიკურმა ძალებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიყენონ კომპრომისის მისაღწევად.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ არასტაბილურ სიტუაციას რუსეთის საკუთარი მიზნების მისაღწევად აუცილებლად გამოიყენებ. 

​"ეს პროცესი, რაც ახლა საქართველოშია, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის კუთხით პროგრესის პარალიზებას ახდენს. ასევე, არ აისახება დადებითად ევროკავშირთან ურთიერთობებზეც. მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ ეს კრიზისი განიმუხტება. ვფიქრობ, რომ მედიაციის პროცესი გაგრძელდება, მაგრამ ამ პროცესში ევროკავშირი აქტორი არ არის, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოში რამე მოახდინოს, ეს მხოლოდ ქართველებზეა დამოკიდებული. პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გადაწყვიტონ, მათ უნდა მოახერხონ რამენაირად გაერთიანება და კომპრომისის მიღწევა. მე რომ ქართველი ვიყო, პირველ რიგში, მომინდებოდა ნორმალურ, თანამედროვე, ევროპული დემოკრატიის ქვეყანაში ცხოვრება, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებების დაცვით, ძალაუფლების გადანაწილებით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია აქამდე მისასვლელად.

ჩემი აზრით, ქართველების მთავარი ინტერესი სწორედ ამის მიღწევა უნდა იყოს, თქვენ ეს არ უნდა გააკეთოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, პირიქით, ეს უნდა იყოს თქვენი სურვილი, გქონდეთ ასეთი ქვეყანა, რასაც შემდეგ წევრობა უნდა მოჰყვეს. რუსეთი ნამდვილად ხდება მეტად აგრესიული დასავლეთის და თავისი მეზობლების მიმართ. საქართველოში არსებულ არასტაბილურ ვითარებას და დემოკრატიის უკუსვლას რუსეთი სათავისოდ აუცილებლად გამოიყენებს, ეს არის ნათელი. თუ საქართველოს სურს გააგრძელოს თავისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, უფრო მეტად დაახლოება დასავლეთთან, ამერიკასთან და ევროკავშირთან და რა თქმა უნდა, NATO-სთან, მაშინ პოლიტიკურმა ძალებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიყენონ კომპრომისის მისაღწევად. სანამ კომპრომისი არ არის მიღწეული, რუსეთი ისარგებლებს ამით, ეს ეჭვგარეშეა. ქართველებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა კომპრომისის მისაღწევად,"- აცხადებს როლანდ ფრაუდენშტაინი.

დღის ამბები