17 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
"ალტერნატიული მომავალი შავი ზღვის რეგიონისთვის" - შუა აღმოსავლეთის ინსტიტუტის ანგარიშში საქართველოზე და სამშვიდობო მისიებში ქვეყნის როლზეა საუბარი

ანგარიშში, სახელწოდებით "ალტერნატიული მომავალი შავი ზღვის რეგიონისთვის", რომელიც შუა აღმოსავლეთის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, განხილულია შეერთებული შტატების მეტი ჩართულობის სტრატეგია, რეგიონში სავარაუდო სცენარების განვითარების გათვალისწინებით.

ანგარიშის ერთ-ერთი კონტრიბუტორი, სხვა სპეციალისტებთან ერთად, ამერიკის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური ფილიპ ბრიდლავია. დღეს მოწვეულ განხილვაზე გენერალმა ბრიდლავმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და დასავლეთის აქტიურობის აუცილებლობას, ალიანსთან საქართველოს დასაახლოებლად და საქართველოს წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

"ვფიქრობ, ამ რეგიონში, ლიდერობის პოზიციის თვალსაზრისით, ჩვენ მაგიდისგან უკან დავიხიეთ. დროა დასავლეთმა და კერძოდ, შეერთებული შტატებმა დაამტკიცოს, რომ დიალოგის ნაწილია, რამაც შესაძლოა პრობლემები გამოასწოროს. დონბასის გარდა, ჩვენ ისევ გვაქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ბევრი საკითხია, რომელზეც მუშაობაა საჭირო. შეერთებული შტატები და დასავლეთი ჩართული უნდა იყოს. საქართველოსთან თავდაცვის სექტორში ჩვენი ვალდებულებები მაღალ დონეზეა. მათთან წვრთნებს ვატარებთ და ყოველთვის თავმომწონედ მომყავს საქართველოს მაგალითი. ამერიკის ჩათვლით, მათ ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი გაუშვეს, ვიდრე სხვა ქვეყნებმა და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. უსიტყვოდ იმსახურეს ყველგან. ეს არის იმ ურთიერთობის დამსახურება, რომელიც ჩვენ დავამყარეთ საქართველოსთან. ჩვენ უნდა გავხადოთ ასეთი ქვეყნები უფრო მეტად მისაღები ძველი ევროპისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არ არიან მათი ნატოში მიღებით, თუკი მათ ტერიტორიებზე რუსები სხედან. ჩვენ უნდა მოვძებნოთ სამოქმედო გზა და უფრო მისაღები ვითარება, მათ შესაყვანად,"- აცხადებს აშშ-ს ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური ფილიპ ბრიდლავი

ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხების სპეციალისტმა ჯიზელ დონილიმ აღნიშნა საქართველოს როლი ერაყში, როდესაც ის მრავალეროვნულ კოალიციურ ძალებს შეუერთდა,

"ქართველების მონაწილეობა ერაყში ჩემი აზრით იყო იმის გამოხატვა, რომ სურდათ ყოფილიყვნენ ამერიკის მიერ წინამძღოლობით არსებული დასავლეთის ნაწილი, ამისთვის თავის დადება და ეს იყო სტრატეგიული ინტერესი. ტრაგედია იყო ის, რომ 2008 წელს ჩვენ სხვა მხარეს ვიყურებოდით," - განაცხადა ჯიზელ დონილიმ.

რეგიონში ამერიკის პოლიტიკაზე, კერძოდ რუსეთთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიდგომებზე, დღეს მსჯელობა იყო ატლანტიკურ საბჭოშიც, სადაც ექსპერტებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკის ინტერესები, მოსკოვთან ნაკლებად კონფრონტაციით, უფრო მეტად დაცული იქნება. ნაწილი კი თვლის, რომ რუსეთის რევიზონისტულ პოლიტიკასთან შეწინააღმდეგება, ამერიკის პოლიტიკის საკვანძო საკითხად უნდა დარჩეს. იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მოსკოვთან სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობისთვის გახსნილია.

"რუსეთის და ჩინეთის სისტემები არ ემყარებიან ღირებულებებს, რომლებმაც ხალხი უნდა მიიზიდოს. რუსეთის საშინაო კლეპტოკრატიულ-ავტოკრატიულ პოლიტიკასა მის საგარეო პოლიტიკას შორის, გარკვეული კავშირია. რუსეთს რომ შეძლებოდა, მისი მეზობლებისთვის მიმზიდველი ყოფილიყო და ისინი მისკენ ღირებულებებით მიებრუნებინა, მაშინ დაძალება არ დასჭირდებოდა. გაყინული კონფლიქტების პოლიტიკა, მოსკოვმა, საბჭოთა კავშირის დაშლის პირველივე დღეს აამოქმედა, რადგან არ შეეძლო ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცესთან ურთიერთობებისთვის მიმზიდველი ყოფილიყო. შეერთებულმა შტატები ითხოვს ადამიანის უფლებებს და ღირებულებებს და მიმზიდველი ხდება რუსეთის სამეზობლოსთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენი ძალის მთავარი ნაწილია," - აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში ჯონ ჰერბსტმა.

დასავლეთისთვის შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ეს პირველი ანგარიში არ არის. ცოტა ხნის წინ, ანგარიში ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრმაც გამოაქვეყნა, რომელშიც 12 ეტაპიანი პროგრამის პირველივე მთავარი პუნქტი, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეხებოდა. მასში გენერალმა ბენ ჰოჯესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოზიცია, რომ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა იყოს ალიანსში მიწვეული, უკრაინა კი სწრაფი გაწევრიანების გზაზე დადგეს.

დღის ამბები