17 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრები გამართა ლატვიის თავდაცვის მინისტრთან არტის პაბრიკსთან და ლატვიის სეიმის სპიკერთან ინარა მურნიეცესთან.

ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და ძლიერი პარტნიორობა.

შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილზე.

შეხვედრა გაიმართა ლატვიის საკანონმდებლო ორგანოშიც, სადაც ლატვიის სეიმის სპიკერს თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებს და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად "ადაჟის" ბანაკში განთავსებული ნატოს გაძლიერებული მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან, ასევე, დაგეგმილია სტუმრობა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში.

დღის ამბები