17 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"მინდა ვუთხრა ოპოზიციას, თუ უარს იტყვით პარლამენტში შესვლაზე და იფიქრებთ რევოლუციაზე, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება" - ვიოლა ფონ კრამონი

ორივე პარტიამ უნდა გაითავისოს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკა და ეს ეხება ქვეყნის ტრანსატლანტიკურ მომავალს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ორივე მხარემ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ განცხადებას, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან ვრცელდება. _ ასეთია ახალი გზავნილები ევროპარლამენტიდან.

განცხადებებს ამჯერად საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ონლაინკონფერენციაზე აკეთებენ ევროპარლამენტის ის წევრები, რომლებმაც მანამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან, მარინა კალიურანდი ამბობს, რომ მმართველი პარტიისგან მეტი მოლოდინებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ აქვს ვალდებულებები. 

"ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკური პრობლემა, იგი უფრო ფართო საკითხია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ეხება, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას. ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. ჩვენ გადაწყვეტილებებს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად ვერ მივიღებთ. დიახ, ჩვენ ყოველთვის მმართველი პარტიისგან ველოდებით მეტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ აქვს ვალდებულებები. საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია ერთიანი მოქმედება. ოდირმა ნათელი ანგარიში წარადგინა არჩევნებთან დაკავშირებით, იყო დარღვევები, თუმცა არჩევნები სტანდარტებს აკმაყოფილებდა. ხალხმა პოლიტიკურ ლიდერებს მანდატები მისცა, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და მანდატს არ იღებს. თუ საქართველოს სურს განვითარება, პარლამენტი უნდა მუშაობდეს სრულფასოვნად. პარლამენტს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია.“ - ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან, მარინა კალიურანდი.

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან, ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირი განსაკუთრებულ ქეისად განიხილავს, რისთვისაც საქართველოს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს. 

"რაც დღეს გვაწუხებს არის ის, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკური მოლაპარაკებები შარლ მიშელის დონეზე წყდება, სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით. მე არ მახსენდება სხვა მსგავსი შემთხვევა, რომ ევროკავშირს პოლიტიკურ კრიზისზე ასეთი მოლაპარაკებების დონე შეექმნა. საქართველოს ევროკავშირი განსაკუთრებულ ქეისად განიხილავს, რისთვისაც საქართველოს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს. მხარეებს შორის შეთანხმების ვერმიღწევა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ევროკავშირის ჩართულობა მხარეებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს, რაც მიუღებელია და ასე გაგრძელება შეუძლებელია“ - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.

განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა, რომელმაც ოპოზიციას მიმართა და მათ პარლამენტში შესვლიკენ მოუწოდა. 

"ვფიქრობ, იმდენად მომთმენები ვიყავით იმდენად დიდი ხანი, რომ ეს განცხადება დავაგვიანეთ კიდეც. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში პარტნიორები გვჭირდება, რომლებიც მზად არიან განახორციელონ დაკისრებული ვალდებულებები და ახლო კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენთან. საზოგადოება ელის პოლიტიკური კრიზისის რაც შეიძლება მალე გადაწყვეტას. მინდა ვუთხრა ოპოზიციას, თუ გარეთ დარჩებით, უარს იტყვით პარლამენტში შესვლაზე და იფიქრებთ რევოლუციაზე, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება. ჩვენ ვერ შევძლებთ დანიელსონის მიერ რეკომენდებული შეთანხმების იმპლემენტაციას. ჩვენ გვჭირდება ოპოზიციური პარტიები პარლამენტში და არა მის გარეთ. ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თავისი საქმე სათანადოდ. მინდა ვთხოვო ოპოზიციას, რომ დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში,“ - ამბობს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი

დღის ამბები