"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას ცალმხრივად არასოდეს მოუწოდებენ, რომ შევიდნენ პარლამენტში. უდუმაშვილის თქმით, გზავნილების მთავარი ადრესატი ყოველთვის ხელისუფლებაა, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.
"როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ორი მხარე ზის, ადრესატი ორივე მხარეა, რომ შეთანხმება შედგეს. ცალმხრივად შეთანხმებას ვერც ოპოზიცია მიაღწევს და ვერც "ქართული ოცნება". შეთანხმება ნიშნავს, რომ ორივე მხარემ უნდა მოილაპარაკოს და გამონახონ შეხების საერთო წერტილები. ყოველდღიურად ვიღებთ მესიჯებს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ გამოინახოს კომპრომისი. დიახ, ვიღებთ ყოველდღიურ გზავნილებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი და ამას აბსოლუტურად ვიზიარებთ. დიახ, ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში აუცილებლად, ეს სჭირდება ქვეყნის განვითარებას და იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომელიც ვითარდება ქვეყანაში და ამისთვის, არის, რომ ყოველი გზავნილი იწყება, ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი კომპრომისისთვის და ოპოზიციამ უნდა გამონახოს ძალა შეთანხმებისთვის, შევიდეს პარლამენტში.
მედალს ორი მხარე გააჩნია. ის, რომ მხოლოდ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ასეთი გზავნილი არ მოგვისმენია არასოდეს. მთავარი ადრესატი გზავნილების არის ხელისუფლება და ეს ასეც იქნება ყოველთვის, იმიტომ, რომ ხელისუფლებაზეა მთავარი პასუხისმგებლობა, რომ შეთანხმება შედგეს. დადგება დრო და დანიელსონი საჯაროსდ იტყვის, რა პირობებში მიმდინარეობდა მოლაპარაკება და რის გამო არ შედგა შეთანხმება,"- განაცხადა "დღის კურიერში" ზაალ უდუმაშვილმა.