ენგურთან მომხდარი ტრაგედია იყო მთავარი თემა დავით ზალკალიანისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის შეხვედრაზე.
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის განცხადებით, მან საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ მის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
"განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ჩემი ხვალ დაგეგმილი ვიზიტი აფხაზეთში, ასევე განვითარების პერსპექტივები, ის გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლების წინაშე დგას. ამასთან, ვისაუბრეთ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და ყურადღება გავამახვილეთ დღევანდელ ტრაგიკულ ინციდენტზე, ენგურის მდინარეში გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული სიტუაცია, ის, თუ როგორია საქართველოს ხედვა ამ მიმართულებით და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, რამდენად შეიძლება ვიყოთ დამხმარეები ამ კუთხით.
ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც ევროკავშირი ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რაც შეიძლება მალე უნდა იქნას გადაწყვეტილი," - განაცხადა ტოივო კლაარმა.
განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარი რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს წარმოადგენს და ნათლად აჩვენებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებს. მათივე განცხადებით, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვასთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის გამო.
საქართველოს სამი მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული დისკრიმინაციული ზომების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, უკანონო დაკავებისათვის თავის არიდების მიზნით, ცდილობდა საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს და ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას," - ნათქვამია განცხადებაში.