ცხოვრება არაადამიანურ პირობებში - ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე პანდემიის პერიოდში რეგიონში არსებული რთული ვითარების კიდევ უფრო გართულებაზე "კურიერთან" საუბრობს.
ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ქალი, რომლის ვინაობასაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე "კურიერი" არ ასახელებს, ამბობს, რომ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ე.წ საზღვრის მდინარის საშუალებით გადაკვეთისას უბედური შემთხვევები გახშირდა.
"ე.წ საზღვარი რაც ჩაიკეტა იმის მერე, იმიტომაც გახშირდა ასე გადმოსვლის სიტუაციები, რომ ყველაფერს პროდუქტს, ტანსაცმელს ხალხი იმარაგებდა ზუგდიდიდან. ამ პანდემიის დროს ყველაფერი გაძვირდა, ხალხმა სამსახურები დაკარგა. დევნილების დახმარება რაცაა ამის ასაღებად ხშირად გადადიოდნენ. უბრალოდ რომ წავიდნენ და დაბრუნდნენ იმავე დღეს ამ საშინელი გზით სხვა გზა რადგან არ არის," - აცხადებს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, გუშინ მაშველებმა სოფელ შამგონაში მდინარე ენგურიდან 4 მოქალაქის ცხედარი ამოიტანეს. მათ შორის არის ცოლ-ქმარი, ასევე - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები დარჩა და 60 წლამდე მამაკაცი.