17 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
ოპოზიციაში ევროპარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმაზე გაკეთებულ განცხადებას საგანგაშოს უწოდებენ

ევროპარლამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც პარტნიორები საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, კონკრეტულად კი, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების წესს, აკრიტიკებენ, ხელისუფლების ოპონენტების მიერ შეფასებები უკვე მოჰყვა. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ეს განცხადება ძალიან საგანგაშოა. 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ფაქტობრივად ეს არის სანქცია, რომელიც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს სხვა დონორებზე".

ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ამ განცხადების შემდეგ, შესაძლოა ვიზალიბერალიზაციაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

ევროკავშირის განცხადებებს მმართველ გუნდშიც უპასუხეს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტნიორების განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ ვენეციის კომისია არ არის გაცნობილი საბოლოო ვარიანტს. 

"ცვლილებების მიზანი იყო რეკომენდაციების ასახვა. ყველა ეს ცვლილება კი ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზეა განხორციელებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან და მათ კანონს გავუგზავნით. რაც შეეხება განცხადებას, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ვენეციის კომისია არ არის გაცნობილი საბოლოო ვარიანტს, რომელიც კანონის სახით იქნა მიღებული," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე მიიღო ეს ცვლილებები - ასე ეხმაურება ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, კონკრეტულად საუბარია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების წესზე.

ევროკავშირი იმედგაცრუებულია და თუ საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემას გადახედოს.

 

 

დღის ამბები