"ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით" - ქართული მხარე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას გამოთქვამს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"მსურს გაგაცნოთ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადება უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით.
საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.
საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებდა, შესაბამისად კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ამასთან ერთად, მივესალმებით ურთიერთობის გაღრმავებას NATO-სა და უკრაინას შორის და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მივიჩნევთ.
მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.