ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ 13 აპრილს მოსამართლემ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეუცვალოს. ოპოზიციის შეფასებით, მოსამართლის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება.
"არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება რა იხარშება ბიძინა ივანიშვილის თავში ნამდვილად არ ვიცი. ორ ცეცხლს შუა არიან: გამოუშვებენ ნიკას - ვაია, არ გამოუშვებენ -უია. 13-ში ვნახავთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ნიკა მელია ადრე თუ გვიან მაინც დატოვებს საპატიმროს. მათი თქმით, ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობა ქვეყანაში აზიანებს როგორც პოლიტიკურ ვითარებას, ასევე თავად ხელისუფლებას.
"ნინო ჩახნაშვილი არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და ვერ მიიღებს ვერც 13 აპრილს. ეს არის პირდაპირ ნაკარნახევი პოლიტიკური კონიუქტურიდან. ის ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, ხოლო რა იქნება პოლიტიკური დაკვეთა იმ კონკრეტულ დღეს, იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ივანიშვილი იმ პოლიტიკურ ზიანს, რასაც იღებს არამხოლოდ ქვეყანა, არამედ პირადად ის და მისი რეჟიმის წარმომადგენლები, იმისგან რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, ნიკა მელია, მაგრამ ასევე გიორგი რურუა," - აღნიშნა ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ.
"ამ პირობებში ძნელია პროგნოზი. თუ 1% მაინც აქვს ჯანსაღი აზრი შერჩენილი ხელისუფლებას, ნიკა მელია პატიმრად მათთვის არის ტვირთი და იმის გამო რომ ისინი ჭირვეულობენ, ქვეყნისთვის ხდება პრობლემა, ამიტომ ყველაფრის დაშვება არის შესაძლებელი. მთავარი არის, რომ დავირაზმოთ, ახლა არ იქნება, მერე იქნება, ნიკა მაინც გამოვა და იმ გავრილოვის ხარკს მაინც არ გადაიხდის," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო. დღეს მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცეს დააკმაყოფილა. შესაბამისად მომდევნო სხდომა 13აპრილს დაინიშნა და მას ნიკა მელია დაესწრება. დღეს ოპოზიციის ლიდერის სასამართლოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა, სასამართლოს ეზოში აქტივისტებთან ერთად მელიას თანაგუნდელებიც იმყოფებოდნენ.