პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თუ ნიკა მელიას გირაოს გადაიხდის, მას ხვალვე შეუძლია საპატიმრო დატოვოს.
"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოგვწონს ის, რომ ზის საპატიმროში, თუმცა მან სხვა გამოსავალი საქართველოს მართლმსაჯულებას არ დაუტოვა. ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ეს იყო ბატონი მელიას არჩევანი. გადაიხადოს გირაო, იქნება ხვალვე თავისუფალი," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ხელაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლის გარდა არავინ იცის.
"ერთი საინტერესო რამეა, თუ თქვენ მოუსმენთ ოპოზიციის განცხადებებს, მათ თვითონაც არ იციან თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ერთი ნაწილი ამბობს, რომ არ გამოუშვებენ, მეორე ნაწილი ამბობს, რომ გამოუშვებენ და დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არავინ იცის რა იქნება, გარდა მოსამართლისა.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ კრიზისი შეიძლება განმუხტოს ან პირიქით დაამძიმოს, მაგრამ ეს ორი პროცესი ერთმანეთთან არაფერ კავშირში არ არის. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, პოლიტიკა არის მისგან დამოუკიდებელი," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სრულად სასამართლომ უნდა მიიღოს.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით კი, როგორც ჩანს, ოპონენტების ინტერესში რჩება, რომ მელია საპატიმროში იყოს.
"ყველა გზა ხსნილია და ერთადერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ნიკა მელია საპატიმროში იმყოფება. ერთი შესაძლებლობა არსებობს, რომ მან თანხმობა გამოთქვას გირაოს გადახდაზე და ამ შემთხვევაში, პროკურატურა მზად არის, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს და ამნისტიის სახით მეორე გზა არსებობს, რაზეც მათ უარი განაცხადეს. როგორც ჩანს, ჯერ მათ ინტერესებში რჩება, რომ ნიკა მელია საპატიმროში იყოს. აქ არის სწორედ უკომპრომისობა, სადაც ჩვენი კომპრომისები არაფერს არ წყვეტს," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო. დღეს მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცეს დააკმაყოფილა. შესაბამისად მომდევნო სხდომა 13აპრილს დაინიშნა და მას ნიკა მელია დაესწრება. დღეს ოპოზიციის ლიდერის სასამართლოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა, სასამართლოს ეზოში აქტივისტებთან ერთად მელიას თანაგუნდელებიც იმყოფებოდნენ.