უკრაინაში მიმდინარე პროცესებს თბილისში ეხმაურებიან - პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას საგარეო ურთიერთობა და მეგობრობა სატელევიზიო შოუ ჰგონია.
"ჩვენს ოპონენტებს საგარეო ურთიერთობა და მეგობრობა ჰგონიათ სატელევიზიო შოუ და ეს ასე არ არის. ჩვენ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ვართ კომუნიკაციაში და ჩვენი მხარდაჭერა არის ცალსახა. რაც შეეხება განცხადებებს, ეს განცხადებები გაკეთდა გუშინაც. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ ცდილობენ უბრალოდ ნებისმიერი მიზეზი გამოიყენონ საზოგადოების დეზინფორმაციისთვის, ისეთი კამპანიის გაღვივებისთვის, თითქოს საქართველო რაიმენაირად გვერდში არ უდგას ჩვენ უკრაინელ ძმებს და დებს. პირიქით, ჩვენ ვართ სოლიდარულები მათთან და ნებისმიერი აგრესია ან აგრესიის საფრთხე რა თქმა უნდა ჩვენგან დაგმობილი არის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ძალიან კარგად ხედავენ რუსეთის აგრესიულ მოქმედებას, თუმცა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ჯერ არ არის ნათელი რა განზრახვა ამოძრავებს კრემლს.
"ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ რუსეთი იქცევა აგრესიულად. ჯერ კიდევ არ არის ნათელი თუ რა განზრახვა აქვს კრემლს, თუმცა წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე არ უნდა გამოვრიცხოთ მოვლენების ყველაზე უარესი განვითარება," – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
ოპოზიცია მმართველ პარტიას აქტიურობისკენ მოუწოდებს. პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთთან მიმართებაში ცდილობს რბილი და დიპლომატიური იყოს.
"მე გამიკვირდა განცხადებაც რომ გააკეთეს. გვქონია შემთხვევები, როცა რუსეთი აგრესიას გამოხატავდა საქართველოს წინააღმდეგ და ამ დროსაც ძალიან რბილები და ვითომ დიპლომატიურები არიან. მე არ მიკვირს ამ ხელისუფლებისგან ეს ტონი რუსეთთან ურთიერთობის. ეს მაინც რომ შეძლეს მადლობა ამისთვის," - განაცხადა მან.
ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ არა თუ მხარდამჭერი განცხადება, არამედ საქართველოს ელჩიც კი არ ჰყავს უკრაინაში.
"არამც თუ მხარდამჭერი განცხადება, არამედ საქართველოს ამჟამად ელჩი არ ჰყავს უკრაინაში იმიტომ, რომ ელჩის გამოწვევა მოხდა ივანიშვილის პერსონალური ღვარძლის და სიძულვილის გამო პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გადააყოლა ქვეყნის ინტერესები და მათ შორის ჩვენი ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან პირად შურისძიებას," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.
გასულ ღამეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 5-ჯერ დაირღვა - დონბასში დისლოცირებულ რუსულ შეიარაღებულ ფორმირებებსა და უკრაინის სამხედროებს შორის დაპირისპირებისას დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო.