19 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
რიონის ხეობაში სახალხო დამცველი ჩავიდა - ნინო ლომჯარია ნამოხვანჰესთან გადაადგილების შეზღუდვის კანონიერებას შეისწავლის

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ნაწილს გუმათიდან, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების შესაძლებლობა მას შემდეგ მისცეს, რაც რიონის ხეობაში სახალხო დამცველი ჩავიდა.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა, იმ ტერიტორიის გარდა, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, საპროტესტო კარავი გუმათის ტერიტორიაზე მას შემდეგ ჩადგეს, რაც პოლიციამ ხეობაში გადაადგილება შეზღუდა.

გადაადგილების შეზღუდვის სამართლებრივი მხარის შესწავლას აპირებს სახალხო დამცველი. ხეობაში ჩასული ომბუდსმენი აცხადებს, რომ მზად არის, შეხვდეს მხარეებს და განიხილოს ყველა განცხადება, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში შევა.

ნამოხვანჰესის საკითხის სადისკუსიო ფორმატში დაბრუნებას ითხოვენ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. 

არასამთავრობოების განცხადებებს მალევე უპასუხა ეკონომიკის სამინისტრომ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი მზად არიან, ღიად და საჯაროდ უპასუხონ ყველა დასმულ საკითხს.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები მას შემდეგ განახლდა, რაც ერთი კვირის წინ ნამახვანში ჰესის პროექტის ახალი დირექტორი ჩავიდა, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღის ამბები