17 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
გაათავისუფლოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა, ეს წაადგება მოლაპარაკების პროცესს - ოპოზიცია პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს

პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს ოპოზიციაში უკვე მოჰყვა შეფასებები. პარლამენტის წევრი და პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარისთვის, საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა პრეზიდენტისგან მოესმინა, თუ რას აპირებს ის შეწყალების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.

აკაკი ბობოხიძის თქმით, მას არ ესმის, რა ანგარიში შეიძლება გააკეთოს მისივე შეფასებით, ერთპარტიულ პარლამენტში პრეზიდენტმა.

"მე აბსოლუტურად არ მესმის, თუ რა ანგარიში შეიძლება გააკეთოს სალომე ზურაბიშვილმა. ძალიან უცნაურია, როცა მარჯვენა ხელი მარცხენა ხელს აბარებს ანგარიშს. დღევანდელი აქტი ერთპარტიული პარლამენტის კომიკურობას კიდევ უფრო წარმოაჩენს," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრ პაატა მანჯგალაძის შეფასებით კი, პრეზიდენტს მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

"პრეზიდენტს შეუძლია მოლაპარაკების პროცესში გადადგას წინ ნაბიჯი, გაათავისუფლოს გიორგი რურუა. ეს წაადგება მოლაპარაკების პროცესს. პრეზიდენტს შეუძლია ძალიან დიდი როლის შესრულება. ჩვენი მოწოდება ძალიან კარგია, მაგრამ მას შეუძლია გადადგას ქმედითი ნაბიჯები," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მას პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა არ მოუსმენია და არც აპირებს, რადგან გოცირიძის შეფასებით, ზურაბიშვილი არაფერს არ წყვეტს.

დღის ამბები