17 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
სამხედრო მოქმედებების დასაწყისი, უკრაინის დასასრულის დასაწყისია - კრემლი უკრაინას ომით და დასრულებით ემუქრება

კრემლი უკრაინას ომით და დასრულებით ემუქრება. ლავროვის უწყების განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მისი სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადი შედეგები მოჰყვება. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარინა ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინას ალიანსში შესაძლო გაწევრიანება  მშვიდობას არ მოუტანს. 

"ალიანსში შესაძლო გაწევრიანება უკრაინაში მშვიდობას არ მოიტანს. პირიქით, ეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბურ ესკალაციას გამოიწვევს, რამაც უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები მოიტანოს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს დონბასში არსებულ ვითარებას. სამწუხაროდ, იქ ვითარება უარესდება. ამის მიზეზი კიევის დამოკიდებულებაა, რომელიც ილუზიებში ცხოვრობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის იძულებითი მოგვარების შესახებ. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჯარები გადაჰყავთ, ახლდება მობილიზაციის გეგმა, ახლდება რეზერვისტების მოწოდებები. უკრაინული მედია ამძაფრებს ისტერიას რუსული მითიური საფრთხის შესახებ, მოსკოვის გეგმების შესახებ, რომ ხვალ უკრაინას თავს დაესხმება. ეს ყველაფერი ხდება კიევის დასავლური კურატორების ღია მხარდაჭერით," - აცხადებს მარინა ზახაროვა.

განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დიმიტრი კოზაკმა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი თქვა, რომ თუ უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტებზე ფართომასშტაბიან თავდასხმას დაიწყებს, მოსკოვს პროცესში ჩართვა მოუწევს.

"სამხედრო მოქმედებების დასაწყისი არის უკრაინის დასასრულის დასაწყისი, ეს არის თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ფეხში. თუ იქ მოხდა სრებრენიცის მსგავსი ხოცვა, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, ჩვენ მოგვიწევს თავდაცვა," - ამბობს დიმიტრი კოზაკი.

ბოლო 24 საათში აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 15-ჯერ დაირღვა. გერმანიის კანცლერი პუტინს სატელეფონო საუბრისას სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებისკენ მოუწოდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლოა, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები გაგზავნოს. 

დღის ამბები