კრემლში გაკეთებულ განცხადებებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მისი სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადი შედეგები მოჰყვება, გამოხმაურებები უკვე მოჰყვა უკრაინის მხრიდან. ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს მხარდაჭერა გამოუცხადა და მათ თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
"დონბასში სიტუაციის ესკალაციას ყველა ვხედავთ. ჩვენს სამხედროებს სნაიპერები ესვრიან. მსურს ჩვენს ჯარისკაცებს გვერდით დავუდგე, ჩემთვის ეს დიდი პატივია. მადლობა მათ თავდადებისთვის,“ - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
თეთრ სახლში აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი ამბობს, რომ 2014 წლის შემდეგ რუსი სამხედროების რაოდენობა უკრაინის საზღვართან ყველაზე მეტია.
"შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული ესკალაციით აღმოსავლეთ უკრაინაში, მათ შორის რუსეთის სამხედროების გადაადგილებით უკრაინის საზღვართან. 2014 წლის შემდეგ რუსი სამხედროების რაოდენობა უკრაინის საზღვართან ყველაზე მეტია. მხოლოდ ამ კვირაში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ჩვენ ვხედავთ ღრმად შემაშფოთებელ ნიშნებს. როგორც იცით პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის გასულ კვირას. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი შეშფოთების საგნები რომელიც შეეხებოდა მზარდ დაძაბულობას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და რეგიონალურ დაძაბულობას ნატოს ალიანსთან. ეს არის მიმდინარე დიალოგის ნაწილი,“ - განაცხადა ჯენ ფსაკმა.
ბოლო 24 საათში აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 15-ჯერ დაირღვა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი თქვა, რომ თუ უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთში, სეპარატისტებზე ფართომასშტაბიან თავდასხმას დაიწყებს, მოსკოვს პროცესში ჩართვა მოუწევს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლოა, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები გაგზავნოს.