ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში გამოცხადებული გლოვის დღესთან დაკავშირებით წერს, რომ ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.
"დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა,"- წერს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.
10 აპრილი საქართველოში გლოვის დღეა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები 11 აპრილის 00:00 საათამდე დაშვებული იქნება.
10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გავლით ცდილობდნენ, თუმცა ოთხივე მათგანი წყალში დაიხრჩო.