17 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
გამოჩნდა თუ არა შეთანხმების კონტურები - პოლიტიკურ სპექტრს დიალოგის გაგრძელების მოლოდინი აქვს

რა ბედი ელის მოლაპარაკებებს? - სიახლე გიორგი ვაშაძის განცხადებაა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამტკიცებს, რომ შემდეგ კვირაში დიალოგის მომდევნო რაუნდი დაინიშნება და მხარეები შეთანხმების ახალ ვარიანტს მიიღებენ. მეტ დეტალებზე საუბრისგან პოლიტიკოსი თავს იკავებს, მხოლოდ იმას განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია, პარტნიორებისგან მიიღო.

"სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს იმ ხუთივე პუნქტის გათვალისწინებით, რაც შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში იყო. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თამთა შამათავა ამბობს, რომ ისინი "ქართულ ოცნებასთან" ცალკე მოლაპარაკებას არ აპირებენ:

"არც ვაპირებთ, რომ ცალკე მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ "ქართულ ოცნებასთან", ეს უნდა იყოს საერთო ოპოზიციური შეთანხმება," - აცხადებს თამთა შამათავა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სურთ შედეგი და არა მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის. სალომე სამადაშვილის თქმით, დიალოგის ბედი "ქართული ოცნების" პოზიციაზეა დამოკიდებული.

"ოპოზიციის პოზიცია არის ნათელი, ხუთივე პუნქტზე უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც მხარეებისთვის იქნება მისაღები," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრ გიორგი კანდელაკს მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს მომავალში თბილისში დასავლელი პარტნიორების  მაღალი დონის ვიზიტები იქნება და "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა გაძლიერდება.

"ჩვენ ისევ ვხელმძღვანელობთ იმ პრინციპით, რომ "არაფერი არ არის შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არაა შეთანხმებული","- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ სპექტრში ხისტი პოზიციის მქონეთა რაოდენობა მცირდება და იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკურ სპექტრში ქვეყნის და არა შიდა პარტიული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ რომ ოპოზიციის წევრებმა პარტიულ-ეგოისტური მიზნები გვერდზე უნდა გადადონ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

"თუკი მათ სურთ პოლიტიკური თანაცხოვრება, თუკი მათ სურთ რომ საქართველოს წინსვლისთვის იღვაწონ, საჭიროა რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, გვერდზე გადაწიონ ყველა პირადი ეგოისტური, თუ პარტიულ-ეგოისტური  მიზნები და ზრახვები და იფიქრონ საკუთარ სამშობლოზე," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია თითქმის ნახევარი წელია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ხელისუფლების ოპონენტების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და იმ პირების პატიმრობიდან გათავისუფლებაა, რომელიც მათი შეფასებით პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად დიალოგის რამდენიმე ეტაპი გაიმართა. თავდაპირველად შეთანხმების მიღწევა ფასილიტატორების - ევროკავშირის და აშშ-ის ელჩის ჩართულობით სცადეს, შემდეგ კი მოლაპარაკებების პროცესში მოდერატორად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ჩაერთო. დანიელსონის მოდერაციით მოლაპარაკების 2 რაუნდი გაიმართა. სადაც მოლაპარაკების საკითხებს შარლ მიშელის მიერ დატოვებულ დოკუმენტში შესული თემები წარმოადგენდა. ევროკავშირის მხრიდან მსგავსი ჩართულობის მიუხედავად მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს.

დღის ამბები