ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველი სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც მოსახვევიდან მოულოდნელად გამოსული მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.