"ევროპული საქართველო" დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მსგავსად, გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გიორგი გაბაშვილმა დატოვა.
გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რაც მიუღებელია უფრო გვიან შეძენილი თანამებრძოლისგან, ის მიუღებელია 30 წლოვანი მეგობრისგანაც.
"ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყო. ამიტომ, ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელია და იქნება სხვაშიც. რაც მიუღებელია უფრო გვიან შეძენილი თანამებრძოლისგან, ის მიუღებელია 30 წლოვანი მეგობრისგანაც. 2016-ში მე უარი ვთქვი საარჩევნო სიაზე, რათა პარტიისთვის მიმეცა განახლების, ახალი ძალების მოკრეფის მეტი თავისუფლება. მსგავსი ნაბიჯის არ, თუ ვერ გადადგმა ჩემთვის გაუგებარია.
მეგობრობა რჩება მეგობრობად, ამ პარტიის მიმართ ჩემგან წარმატების სურვილი, თუმც, უკვე გარედან, უცვლელია.
რაც შეეხება მომავალს - მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვიბრძვი მთელი ძალებით, რაც გამაჩნია და იმედით, რომ ბრძოლის დასასრულს ცოცხალი შევხვდები. ივანიშვილმა მე ამაფეთქა, ჩემი ოჯახის წევრებზე იძალადა, მაგრამ, მთავარია - სამშობლო დამიბეჩავა - ამიტომ, რაღა თქმა უნდა, მის მოსაშორებლად ძალღონეს არ დავიშურებ,"- აცხადებს გივი თარგამაძე.
პარტიის დატოვებაზე წერს ასევე ლევან თარხნიშვილიც:
"ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს,"- წერს ლევან თარხნიშვილი.
მათ გიორგი გაბაშვილიც უერთდება და წერს, რომ მისი მეგობრების მსგავსად, გადაწყვიტა ბრძოლა უპარტიო სტატუსით განაგრძოს.
"ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. ევროპულ საქართველოში, ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ!"- წერს გიორგი გაბაშვილი.