გაიმართება თუ არა პოლიტიკური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უახლოეს დღეებში- გიორგი ვაშაძის თქმით, პარტნიორებისგან მხარეები შეთანხმების ახალ ვარიანტს მიიღებენ, თუმცა, ეს ინფორმაცია სხვა პოლიტიკური ძალებისთვის უცნობია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ხაზს უსვამენ იმას რომ შეთანხმება საერთო ოპოზიური უნდა იყოს და ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი.ზაალ უდუმაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური შეხვედრები მისთვის მიუღებელია.
""ქართული ოცნების" ტაქტიკაა, რომ ცალ-ცალკე იქნებ ვიღაცას გაესაუბრონ და შეიყვანონ პარლამენტში," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
"გირჩში" კი კრიზისის მოგვარების ალტერნატიულ გეგმებზე მუშაობას აგრძელებენ. პარტიაში არ მალავენ, რომ მმართველ ძალასთან კომუნიკაციას ისევ ინარჩუნებენ. "გირჩის" წევრების თქმით, თუ დიალოგი შედეგიანად გაგრძელდება მაშინ გეგმის ამოქმედება აღარ მოხდება:
"გონივრულ ვადებში თუ დავინახეთ, რომ მაინც იგივე ჭაობში ვართ, ჩვენ ამ გეგმას ავამოქმედებთ," - განაცხადა ალექსანდრე რექვიაშვილმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკების 5 პუნქტთან დაკავშირებით მათი პოზიცია საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს და თუ საჭიროა, კომპრომისის საშუალებაც. ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკის თქმით, ის ოპოზიციისგან კონკრეტულ ქმედებებს ელის იმის დასამტკიცებლად რომ მათ რეალურად სურთ მოლაპარაკებები:
"ეს არის იმ სტანდარტის შესაბამისი, რომელსაც ჩვენგან პარტნიორები ითხოვენ. სანამ არ დავინახავ კონკრეტულ შედეგს - განცხადებებს, რომელიც არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული და იქნება ორიენტირებული საზოგადოების ინტერესზე, არ ექნება ულტიმატუმის სახე. აი, მაშინ დავიჯერებ და ვიფიქრებ, რომ აქ მოლაპარაკებები შესაძლებელია," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.