მომავალ კვირას, შესაძლოა, პოლიტიკური შეთანხმების საბოლოო დოკუმენტი ვიხილოთ, - ეს მოლოდინი "სტრატეგია აღმაშენებელმა" შექმნა, ინფორმაციის წყაროდ კი საერთაშორისო პარტნიორები დაასახელა. პოლიტიკური ძალების უმეტესობა აცხადებს, რომ ეს უნდა იყოს საერთო ოპოზიციური კონსენსუსი, თუმცა "გირჩი" ღიად ამბობს, რომ ალტერნატიულ გეგმაზეც მუშაობს და "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური კონსულტაციებს განაგრძობს.
ან ყველაფერი ან არაფერი - ოპოზიციის ნაწილისთვის ეს ისევ პრინციპულ მიდგომად რჩება. ოპოზიციის ეს პრინციპი ხელისუფლებისთვის ულტიმატუმია, რომელიც შეთანხმებას ართულებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თავად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ და ის საზოგადოებრივ ინტერესებს შეესაბამება. "ქართული ოცნება" თითქმის 6-თვიან პოლიტიკურ კრიზისზე სრულ პასუხისმგებლობას კვლავ ოპონენტებს აკისრებს.
რამდენად რეალურია შეთანხმება, როცა ის ვერც მეგობარი ქვეყნების ელჩების და ვერც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობით ვერ შედგა, ეს რთული სათქმელია. თუმცა დიალოგის კარი რომ არ დახურულა, ამაზე მხარეები ყოველი ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ საუბრობდნენ. გაფართოებული შეხვედრა პოლიტიკურად დაპირისპირებულ პარტიებს შორის შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიმართოს. ამის შემდეგ გამოჩნდება, დაიწყება თუ არა ქვეყანაში საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესი.