17 ნოემბერი 2024,   06:06
ვრცლად
მორატორიუმი სიძულვილის ენაზე - პრეზიდენტის ინიციატივა პოლიტიკური და არასამთავრობო  სექტორისთვის მისაღებია, თუმცა გარკვეული პირობებით

სიძულვილის ენა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღიურ რუტინად იქცა, - ამ რეალობის წინააღმდეგ დღეს პრეზიდენტი გამოვიდა კონკრეტული ინიციატივით. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი და მხარეებმა უარი უნდა თქვან შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებაზე. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა პრეზიდენტს ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც ეთანხმება, თუმცა, შეფასებებში ოპონენტების ნაწილი მაინც კრიტიკულია. ოპოზიციაში თვლიან, რომ განცხადების ადრესატი სამთავრობო გუნდია და პოლიტიკური ლექსიკაც სწორედ მათ უნდა შეცვალონ.

"ქართული ოცნება"კი პირიქით, ლექსიკის შეცვლას ოპოზიციას ურჩევს და სიძულვილის ენის გამოყენებაში სწორედ ოპონენტებს ადანაშაულებს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ პოლიტიკური ეთიკის დამკვიდრება საზოგადოების დაკვეთაა.

პრეზიდენტის ინიციატივა მისაღებია მესამე სექტორისთვისაც, თუმცა, მცირე შესწორებებით. სიძულვილის ენის შეზღუდვამ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით რეგულაციის სახე არ უნდა მიიღოს და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს. როგორ ხედავს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივის განხორციელებას - მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილისგან ამ საკითხზე მეტ კონკრეტიკას ელოდება.

გამოცხადდება თუ არა მორატორიუმი და რამდენად იმუშავეს ეს პოლიტიკური ნაბიჯი ჯერ უცნობია, თუმცა ყველა თანხმდება რომ სიძულვილის ენის გამოყენებაზე უარის თქმა საზოგადოებაში პოლარიზებას შეამცირებს.

დღის ამბები