17 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
მსჯელობა გვქონდა დარჩენილ ორ პუნქტზე, ვარიანტები განვიხილეთ - ელჩების და "ლელოს" შეხვედრა დასრულდა

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების "ლელოს" ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა. კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საუბარი იყო მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში შეუთანხმებელ ორ პუნქტზე, თუმცა, დეტალებზე საუბარი არ ისურვა. 

"კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ "ლელოს" პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან სამს ვეთანხმებით, ისევე, როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ ორ პუნქტზე, სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, დეტალებში ვერ შევალ.

ახლა ამოცანა არის, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომელიც დაეტყობა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ იმ არანორმალურ სიტუაციას, რაც არის სასამართლოსა და საარჩევნო სისტემაში და სხვა სფეროებში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ევროკავშირისა და აშშ-ს ყურადღება საქართველოს მიმმართ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს იმის თაობაზე, რომ ადრე თუ გვიან პოლიტიკური შეთანხმება შედგება. 

"კარგი ამბავი არის, რომ ჩვენი ქვეყანა ყურადღების ცენტრშია, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის და ეს არის სწორედ იმ ოპტიმიზმის საფუძველი, რომლითაც ჩვენ განმსჭვალული ვართ, რომ ადრე თუ გვიან, ჯობია რომ ადრე, ჩვენ მივალთ პოლიტიკურ შეთანხმებამდე, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან. კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, რომელთა ჩამოსვლა ეძღვნება ამ კრიზისს, რაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოსვლაც შეუწყობს ხელს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღესვე ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძეს კომენტარი არ გაუკეთებია. 

დღის ამბები