17 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
მივესალმები ყველა მიმართულებით საკითხის შესწავლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველი არსებობს - მიხეილ სარჯველაძე

არასამთავრობო სექტორის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ნამოხვანში მიმდინარე მოვლენების საკითხს გამოეხმაურნენ.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, საინტერესოა ის განცხადებები, რომლებიც გამოხატვის უფლების მიმართულებით კეთდება. მათი განცხადებით, ეს უფლება აუცილებლად უნდა იყოს დაცული და აქვე მიანიშნებენ, რომ ალტერნატიული შეთავაზებები საპროტესტო აქციის სხვა ტერიტორიაზე გამართვასთან დაკავშირებით გარკვეულწილად გაკეთდა.

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ საჭიროა კომუნიკაცია მხარეებს შორის და ორივე ინტერესის მშვიდობიანად გათვალისწინება, პირველ რიგში კი გამოხატვის თავისუფლების ნაწილში.

"შესწავლას ყველა შემთხვევაში საჭიროებს და მივესალმები ყველა მიმართულებით შესწავლას საკითხისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველი არსებობს. აიხსნა ყოველ შემთხვევაში ეს კონკრეტული გარემოებები და კონკრეტული საფრთხეები, რის გამოც იყო მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ასევე ითქვა, რომ შეთავაზება გაკეთდა აქციის მონაწილეებისთვის და ორგანიზატორებისთვის, რომ სხვაგან გადაენაცვლათ.

ამას სჭირდება საფუძვლიანი გამოკვლევა - თუ რეალურად მიზეზი არსებობდა ამისა, მაშინ უნდა მოხდეს ამის აწონვა რამდენად არის ასე ვთქვათ ადამიანების ჯანმრთელობისთვის თუ სიცოცხლისთვის მოსალოდნელი საფრთხე და გამოხატვის თავისუფლება კონკრეტულ ვითარებაში ერთმანეთთან ასე იოლად თავსებადი, თუ არ არის ამ შემთხვევაში პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს. უნდა შემოწმდეს რეალურია თუ არა ის მიზეზები, რომელიც დასახელდა, სხვაგვარი არგუმენტები არსებობს თუ არა და ა.შ." - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები