ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა - საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ადეიშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, შესაბამისად, მიმართვა კონსტიტუციის და კანონმდებლობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.
"მასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ არცერთი ევროპული ქვეყანა ან საერთაშორისო ინსტიტუცია არ აღიარებს მის წინაშე წაყენებულ ბრალდებებს მართლმსაჯულების მხრიდან. ამავდროულად, მას, ამ დროის განმავლობაში მიღებული აქვს უკრაინის მოქალაქეობა, შესაბამისად, ეს მიმართვა კონსტიტუციის და კანონმდებლობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო. საქართველოს მთავრობას ისღა დარჩენია, რომ ცნობად მიიღოს მისი განცხადება და შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა," - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა. ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს განცხადება იუსტიციის სამინისტროში უკვე შეტანილი აქვს. ინფორმაციას "კურიერს" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უდასტურებს, სადაც აცხადებენ, რომ საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია და კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე მაისში დასრულდება.