გაიმართება თუ არა მედიაციის მესამე რაუნდი - ახალი გზავნილები შარლ მიშელის ოფისიდან. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ახლა მიდის მსჯელობა შემდგომ ნაბიჯენზე. ევროკავშირის გზავნილი კი უცვლელია. პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად კომპრომი შესაძლებელია, თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია გამოიჩენენ გამბედაობას, სიმწიფეს და მზაობას.
"ბატონი დანიელსონის მედიაციის მისია არ აღმოჩნდა წარმატებული. არცერთ პოლიტიკურ მხარეს. არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება კომპრომისის მისაღწევად. ევროკავშირის ლიდერები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობენ. მსჯელობა ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ არ ვფლობთ ინფორმაციას კონკრეტულ შედეგებსა თუ თარიღებზე. ევროკავშირის გზავნილი უცვლელია - საქართველოსში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისის მონახვა შესაძლებელია, თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოახდენს საჭირო პოლიტიკური გამბედაობის, სიმწიფისა და მზაობის დემონსტრირებას. რაც შეეხება მინისტრების მიერ ამ საკითხების განხილვას, რაც ვიდეო კონფერენციის საშუალებით ჩატარდება. ჯერ კიდევ არ არის დღის წესრიგი ჩამოყალიბებული, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება,"- აცხადებს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი პიტერ სტანო.
"საქართველოს მომავლის გასაღები ქართველების, ქართველი პოლიტიკოსების ხელშია, ამიტომ ჩვენ გარედან ვერ მოვახდენთ ზეწოლას, თუკი დაპირისპირებულ მხარეებს შორის არ იქნება ერთმანეთთან საუბრის ნება. ვფიქრობ, ქართველი პოლიტიკოსები ზრდასული ხალხია, მათ კარგად იციან რის პირისპირ დგანან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ნათელია, რომ თუ ეს შიდაპოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე. ვიცი, რომ ქვეყნის ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავენ, ასევე სურთ უფრო და უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს, თუმცა, ამავდროულად, მათ უნდა გააცნობიერონ, რაც უფრო გახანგრძლივდება ეს კრიზისი, მით მეტად დაზიანდება ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ევროპაშიც,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ურმას პაეტი.