17 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" სთხოვს, უკრაინის საკითხზე პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს

ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს, უკრაინის საკითხზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ღიად უნდა გამოხატოს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ერთი სატელეფონო ზარიც არ აქვს განხორციელებული უკრაინის პრეზიდენტთან და არ გამოუცხადებია ღიად სოლიდარობა მის მიმართ. მინდა გავიხსენო 2008 წელი, როდესაც რომ არა სოლიდარობა იმ პრეზიდენტებისა და უკრაინის პრეზიდენტისაც, დღეს საქართველოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა იქნებოდა მორღვეული,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ტარიელ ლონდარიძე. 

ხელისუფლებას აკრიტიკებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც". პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის მიმართ ოფიციალური თბილისის პოზიცია არამეგობრულია.

"სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც განზეა გამდგარი. მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უკრაინასთან არ შემდგარა არცერთი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის დონეზე და უფრო მეტიც - საქართველომ წელიწადზე მეტია თითიდან გამოწოვილი მიზეზით გამოიწვია საქართველოს ელჩი უკრაინაში,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე. 

კრიტიკას უპასუხეს "ქართულ ოცნებაში". მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"კატეგორიულად ვერ მივიღებ კრიტიკას უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ცალსახად და აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ უკრაინას და საქართველოს აქვს საერთო პრობლემა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჰყავს საერთო მტერი, ვართ საერთო ბრძოლაში, გვაქვს საერთო ინტერესები ევროკავშირთან ურთიერთობაში. შესაბამისად, ჩვენი ერთიანობა არაერთხელ გამოგვიხატავს,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

დღის ამბები