ნიკა მელიას სასამართლო პროცესის შესახებ განცხადებები კეთდება პარლამენტში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს საპატიმროს დატოვება ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა ეს ოპოზიციის პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, გამოვა თუ არა ციხიდან.
"2012 წლამდე ხალხი ნატრობდა, რომ ციხეში არ მოხვედრილიყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში კი ნიკანორ მელია ამ პირობებში არ გამოდის ციხიდან, ეს განსაჯოს საზოგადოებამ. სრულად მასზეა დამოკიდებული დარჩება ის პატიმრობაში თუ არა,"-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენატრების წინასწარ გაკეთება არ არის მიზანშეწონილი.
"ნიკა მელიას საპყრობილეში ყოფნის პერიოდის პოლიტიკურად გამოყენება უნდათ. თავგამოდებით იბრძვიან, რომ როგორმე ნიკა მელია დარჩეს ციხეში და არც მალავენ ამას,"-აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ყველაფერი სამართლებლივ ჩარჩოშია და ამ პროცესის გარშემო აჟიოტაჟი უადგილოა.