17 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ჩვენ ვერავინ დაგვაბულინგებს - გახარიასთან წასული "ოცნების" ყოფილი დეპუტატები არჩილ თალაკვაძეს პასუხობენ 

"ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა მიზეზად პოლიტიკური რადიკალიზმი დაასახელეს, რომელსაც "ოცნება" მათი შეფასებით, ვერ ცვლის.

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ხაზს უსვამენ იმას, რომ პრობლემები იყო სახელმწიფო ინტერესების შესუსტებაში, კორუფციაში და მათი თქმით, მათ აიღეს სწორედ ეს პასუხისმგებლობა.

"შეცდომა არ არის ის, რომ დღეს საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი სრულად რადიკალიზებულია? ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკმაოდ სუსტი სახელმწიფო ინტერესები, დღეს კიდევ ვსაუბრობთ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და ა.შ. ეს ყველაფერი არის ის, რაზეც მათ შორის ჩვენ, როდესაც ვიყავით ამ პოლიტიკური პარტიის წევრები, ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას და ვუსწორებთ ამ პრობლემებს თვალს.

როგორც ჩანს ბატონ არჩილს, როდესაც განცხადებას აკეთებდა, ჯერ კიდევ კარგად არ ჰქონდა მოსმენილი ის პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ პირველი, რაც ჩვენ ვთქვით პარტია "ქართული ოცნებიდან" წასვლის მიზეზი, ეს არის სწორედ პასუხისმგებლობა, მათ შორის "ქართული ოცნების" და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე.

შესაბამისად, ჩვენ ვერ დაგვაბულინგებს ვერავინ. ეს არის მათ შორის ამ ბულინგის გამოხატულება ჩემი აზრით. სამწუხარო არის ის, რომ მსგავსი შეფასებები არის იმის წინაპირობა, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ სუსტია პოლიტიკური კლასის განვითარების შესაძლებლობა," - განაცხადა "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ბექა ლილუაშვილმა.

"ოცნებიდან" წასული პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ პასუხისმგებლობის გააზრებაა და არა პირიქით.

"კატეგორიულად არ დავეთანხმები ბატონი არჩილის მიერ გამოთქმულ პოზიციას მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც დღეს გახდა ცნობილი სწორედ განპირობებულია იმითი, რომ პასუხისმგებლობას კი არ გავურბივართ, პირიქით პასუხისმგებლობას ბოლომდე ვგრძნობთ და ვითავისებთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ვტოვებთ "ქართულ ოცნებას", ვქმნით ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მთავარი მიზანიც უნდა იყოს და იქნება სწორედ ის, რომ შემცირდეს ქვეყანაში პოლარიზაცია და ორიენტირი გადაერთოს სრულად ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე და არა რადიკალიზაციის კიდევ უფრო მეტა გაღრმავებაზე," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 6 დეპუტატის მიერ "ქართული ოცნების" გუნდის დატოვებას  გაუმართლებელ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ დღეს დადასტურდა, რომ  გიორგი გახარიამ პირადი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედა. 

დღის ამბები