ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნებიდან" წასულმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძე მანდატები უნდა დატოვონ.
ანალიტიკოსის შეფასებით, იმ ოლქებში, სადაც ამ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები და შედეგად გაირკვევა - "ქართულ ოცნების" დამსახურებაა მათი პარლამენტში ყოფნა, თუ არა.
"დღეს სრულიად სამართლიანად ითქვა, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გასულ მაჟორიტარებს აქვთ "შანსი" კიდევ ერთხელ მოუსმინონ ხალხს. თუ მოწერელიას, კერესელიძეს და ხოჯევანიშვილს და ზოგადად, ამ გუნდს აინტერესებს, მათ მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატები ეკუთვნის "ქართულ ოცნებას", თუ ეს მათი პირადი, ან მათი ლიდერის რეიტინგია, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა დატოვონ ეს მანდატები. ეს გარემოება შექმნის ვითარებას, რომ ამ სამ ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს მაჟორიტარი შუალედური საპარლამენტო არჩევნები, აქვე დანარჩენ ოპოზიციასაც ექნება შანსი.
აი, სწორედ მაშინ უნდა მიიღონ მონაწილეობა და იქ გაირკვევა, რეალურად ვისი რეიტინგით შევიდა ეს ხალხი პარლამენტში. ამის გაკეთებას უნდა ელემენტალური პოლიტიკური გამბედაობა და ვნახოთ აბა, წავა მინიმალურ რისკზე ეს სამეული თუ უმოქმედობით, ანუ მანდატების შენარჩუნებით გაამყარებენ ვარაუდს, რომ ეს რეიტინგი და არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა,"-წერს ბოჟაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის 6-მა დეპუტატმა "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე.