17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
გაუგებარია, როგორ შეიძლება ოპოზიციური პარტია იყოს გიორგი გახარიას ლიდერობით, როდესაც ის ახლახანს პრემიერი იყო - მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე "ქართული ოცნებიდან" წასულ 6 დეპუტატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას ძნელად წარმოუდგენია, როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ ისინი ოპოზიციურ პარტიად.

"დღის კურიერში" სტუმრობისას სარჯველაძე აღნიშნული დეპუტატების ქმედებებს არათანმიმდევრულს უწოდებს.

"მე მგონია, რომ ბევრი მიმართულებით არათანმიმდევრულობაა გამოვლენილი მათი გუნდის მხრიდან, რაც უკავშირდება პრინციპში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებულ პოზიციებს, თუნდაც იმ საკითხებს, რომელსაც შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეული კითხვები. ჩემთვის არ არის გასაგები, როგორ შეიძლება ეს ოპოზიციური პარტია იყოს ბატონი გიორგი გახარიას ლიდერობით, მაშინ როდესაც ის სულ ახლახანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და წარმმართველი იყო სახელმწიფო პოლიტიკის. ძნელად წარმომიდგენია სიმართლე გითხრათ. 

გადასვლას და ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნას რაც შეეხება, ვფიქრობ ესეც არათანმიმდევრულია და ბევრი რამ შეიძლება აუხსნელი იყოს, თუნდაც დაკავებული პოზიციები მანამდე, შემდგომ," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მას არ მიაჩნია, რომ დეპუტატების წასვლით "ქართული ოცნებისთვის" უმრავლესობის შექმნის პრობლემა დადგეს.

"მე ვფიქრობ, რომ დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს ამ პოლიტიკურ ჯგუფს და ჩვენს კოლეგებს, რომ ვინმე გამოცალკევდება და გაგრძელდება ეს პროცესი და ამ შემთხვევაში მე უფრო სკეპტიკურად შევხედავდი ამ მოლოდინს, რომელიც ბატონ ბექა ლილუაშვილს უთქვამს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძის თქმით, აღნიშნულ 6 დეპუტატთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები არ გამართულა და ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ მან არ იცოდა.

დღის ამბები