ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და ,,ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ეს მაჟორიტარები თავად უნდა მიხვდნენ, პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელმაც განაპირობა თითოეული მათი გამარჯვება, ეს ძალიან დიდ წილად განპირობებული იყო პარტიის მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით.
მისი თქმით, ეს არ არის მათი პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა გარკვეულ ეთიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმს ეს წარმოადგენს.
"მნიშვნელოვანია ასევე, რომ როდესაც საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რაზეც დღეს იყო საუბარი, ალბათ მხედველობაში მისაღებია, რომ ეს დეპუტატები, მაჟორიტარებს ვგულისხმობს, მათი დეპუტატობა განაპირობა რა საკვირველია განაპირობა იმ მხარდაჭერამ, რომელიც ქართული ოცნების მიმართ არსებობდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ეს საკიტხი შეიძლება იყოს საყურადღებო და პირველ რიგში იმ ადამიანებზე, მაჟორიტარებზე ვსაუბრობ. ამაზე როცა ვსაუბრობთ , გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მათი პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა გარკვეულ ეთიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმს ეს წარმოადგენს. მათ თავად უნდა მიხვდნენ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელმაც განაპირობა თითოეული ამ ადამიანის გამარჯვება, ეს ძალიან დიდწილად განპირობებული იყო პარტიის მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.