"ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი სამხარაძე პარტიიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მართალი კაცი მანდატს დატოვებდა და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მიიღებდა მონაწილეობას.
დიმიტრი სამხარაძე ხაზს უსვამს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას რეიტინგი სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
"მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, "ოცნებამ" სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა არჩევნებშიო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, იმ "სხვისის" გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ.
"მიუხედავად ამისა, იმ "სხვამ" მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება, ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ "სხვას", რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა. მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ "სხვის" მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის, მაგრამ სადაა მასე სიმართლე, კაცური ასეა. ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებს, (წერტილი),"- წერს დიმიტრი სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს "ქართული ოცნება" 6-მა დეპუტატმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ანა ბუჩუკურმა, დატოვა. ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში გადავიდნენ.