საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში NATO-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ავღანეთის მისიის ეტაპობრივად დასრულების შესახებ ეხმაურება და წერს, რომ ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ.
"საქართველოს, მრავალი წელია, ღირსეული წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებსა და მისიებში. საქართველო პირველად 2004 წელს ჩაერთო და ბოლო ათი წლის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიაში. ჩვენი ქვეყანა RSM-ის მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 860 ქართველი სამხედრო დღესაც მსახურობს ავღანეთში ნატო-ს კონტიგენტის შემადგენლობაში.
ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა არაერთგზის დაამტკიცეს, რომ საქართველოს შეუძლია, ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. ეს არსებითია ჩვენი სტრატეგიული მიზნის - ნატო-ს სრულფასოვანი წევრობის მისაღწევად.
დღეს NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება.
საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთი აღარასდროს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ვამაყობთ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ მიზნის მიღწევაში.
დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ქართველ სამხედროს, ვინც სხვადასხვა პერიოდში ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით ღირსეული წვლილი შეიტანა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ სამხედროებს, იმ ქართველ გმირებს, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე,"- წერს ირაკლი ღარობაშვილი.