საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორებთან, ასევე უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ორგანიზატორებთან შეხვედრას აპირებს. შეხვედრაზე მაღალჩინოსნები საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩავიდნენ. ლერი ბარნაბიშვილის თქმით, ისინი აპირებენ მოუსმინონ საპროტესტო აქციის მონაწილეებს და შემდგომ გამოიძებნოს ამ პრობლემის მოგვარების გზები:
"დღეს იმერეთის რეგიონში ჩამოსული ვარ პრემიერ-მინისტრის დავალებით, რათა შევხვდე აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. პრემიერის დავალებით მინდა აღვადგინო დიალოგი აქციის მონაწილეებთან. მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს და წინადადებებს და დავსახოთ შემდგომი მოქმედების ღონისძიებები. როცა ჩამოვედით შევატყობინეთ, მოხდა მათთან კომუნიკაცია, დანარჩენი ყველაფერი შეხვედრის შემდეგ," - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ორგანიზატორებთან შესახვედრად მზადყოფნას აცხადებს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძეც, მისი თქმით, დიალოგი აუცილებელია. გივი ჭიჭინაძის თქმით, მას არც შეხვედრის პირდაპირ ეთერში გადაცემის პრობლემა არ აქვს, რადგან თვლის, რომ დასამალი არაფერია.
"შეხვედრას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ გვაქვს დავალება პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ შევხვდეთ აქციის მონაწილეებს. დიალოგი აუცილებელია. მათი პრეტენზიები უნდა გავიგოთ და მივიტანოთ პრემიერ-მინისტრამდე, პარლამენტის თავმჯდომარემდე. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ მაქსიმალურად, რასაც აპროტესტებენ ჩვენი მოქალაქეები. ყველას გვინდა, რომ ქვეყანაში წინსვლა იყოს და არ იყოს საპროტესტო გამოსვლები. ყველანაირად შევეცდებით. პირდაპირი ეთერის არანაირ პრობლემა არაა, დასამალი რა გვაქვს. ყველაფერზე შეიძლება საუბარი. პრემიერს კოვიდი აქვს, როგორც კი გამოჯანმრთელდება არაა გამორიცხული შეხვედრა," – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ. მისი თქმით, მის გარდა შეხვედრაზე იქნებიან სხვა დეპუტატების, მათ შორის ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი.