იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში პრემიერის დავალებით რეგიონში ჩასული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენის" დამფუძნებელთა შეხვედრა დაიწყო.
როგორც ცნობილია მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან რეგიონალური სამსახურის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ასევე რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები: გივი ჭიჭინაძე. ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა მხრიდან კი შეხვედრას ესწრებიან ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი, მირზა ნოზაძე და მაკა სულაძე.
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვენ.
11 აპრილს პოლიციამ ნამახვანში განთავსებული აქციის მონაწილეების კარვები აიღო, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ პროტესტი გუმათში გაეგრძელებინათ. ამ დროისთვის პოლიციას ნამახვანისკენ მიმავალი გზა რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი. აქციის მონაწილეების პირველი მოთხოვნა სწორედ ამ ჯებირების აღება და თავისუფალი გადაადგილების საშუალების მიცემაა.