პროტესტის 172-ე დღე რიონის ხეობაში. ჩაკეტილი სამანქანო გზა და უცვლელი მთავარი მოთხოვნები. "რიონის ხეობის მცველებმა" რკინის ბარიკადებზე დღეს ბანერები წარწერით - "საქართველო არ იყიდება, არა ნამოხვანჰესს" გააკრეს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები სავალი გზის ნაწილიდან ბარიკადების აღებას ითხოვენ. გუმათში იმყოფებოდა დღეს "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი, ვიდეო ბლოგერი დომენიკ მანგო და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ხეობაში სხვადასხვა ჯგუფების ყოფნისა და მოსალოდნელი პროვოკაციის საფრთხის გამო, საპროტესტო აქციამ მცირე ხნით დისლოკაციის ადგილი შეიცვალა.
საპროტესტო აქციების პერიოდში რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. ეს კადრები, რომელიც კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა, 12 აპრილს, სოფელ გუმათში მომხდარ ფაქტს ასახავს. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები, ძმებ ჭელიძეებთან ერთად გუშინ გვიან ღამით დააკავეს. ჯამში, დაკავებულმა ექვსმა ადამიანმა, შსს-ს ცნობით, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. წულუკიძეეების და ჭელიძეების მშობლები, მათი შვილების დაკავებას პოლიტიკური სარჩულით ხსნიან.
აჭარიდან ჩასული ჯგუფის მსგავსად, ნამახვანჰესის საპროტესტო მოძრაობასთან კავშირში კიდევ ერთი სახელი და გვარი გაჟღერდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. კანონიერი ქურდი რომან ლომთაძე და მისი ძმა ჰესის საპროტესტო მოძრაობაში აქტიურად არიან ჩართულები. "კურიერი" კრიმინალური ავტორიტეტის ძმას ესაუბრა. როლანდ ლომთაძე ადასტურებს, რომ ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება და საპროტესტო მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობს, რადგან როგორც თავად განმარტავს, მისი ოჯახის ნაკვეთები უშუალოდ მშენებლობის არეალში ხვდება. საკუთარი ძმის კავშირს კი საპროტესტო მოძრაობასთან გამორიცხავს და ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს.
ნამახვანში, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულება და შესაბამისად ჰესის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება არ გაუქმდება.
დღის ბოლოს იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში პრემიერის დავალებით რეგიონში ჩასული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენის" დამფუძნებელთა შეხვედრა გაიმართა.