17 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
რას გზავნილებს ჩამოიტანს "ქართული ოცნება" ბაიდენის ადმინისტრაციიდან - ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია დათმობისთვის მზადაა

რას წამოიღებს "ქართული ოცნება" ბაიდენის ადმინისტრაციიდან და რა გავლენას მოახდენს ვაშინგტონიდან ჩამოტანილი გზავნილები ქართულ პოლიტიკურ კრიზისზე - ამ კითხვებზე პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მანამდე კი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პოლიტიკურ ოპონენტებს თბილისში შეტყობინება სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქიდან გამოუგზავნა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია დათმობისთვის მზადაა, თუმცა, ხელისუფლების კომპრომისებს პირობები აქვს. მეტი დეტალი აღარ დაკონკრეტებულა.

ოპოზიციას "ქართული ოცნების" სიტყვიერი დაპირებების აღარ სჯერა. პოლიტიკური ოპონენტებისთვის მმართველი ძალის განცხადება სანდოობას მხოლოდ ერთ შემთხევაში დაიბრუნებს - სიტყვა კონკრეტულ ქმედებად უნდა იქცეს. რაც შეეხება ოპოზციის პოზიციებს, პრინციპული საკითხები აქაც არ შეცვლილა.

რა იგულისხმა კომპრომისში ირაკლი კობახიძემ - მმართველ გუნდში ის თქვეს, რასაც აქამდეც ამბობდნენ, რომ "ქართული ოცნების" დათმობა მხოლოდ სამართლიანობის პრინციპზე გაივლის. ეს პრინციპი კი არ გულისხმობს ოპოზიციის ორ მთავარ მოთხოვნას.

დასავლელი პარტნიორები კომპრომისისკენ ორივე მხარეს მოუწოდებენ. თუმცა, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც არაერთხელ თქვეს ხაზგასმით, რომ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიაზე მოდის. ის ხალხი, რომლებიც მოვლენებს შეერთებული შტატებიდან აკვირდება, მიიჩნევს, რომ კომპრომისი რთული მისაღწევი იქნება, თუ ერთ-ერთი მხარის ლიდერი ციხეში დარჩება.

შეხვედრები გაიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ჯორჯ კენტთან, სენატორ ჯიმ რიშთან, კონგრესმენებთან ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლისთან. პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეთანხმება უნდა შედგეს - ამერიკული მხარის ეს პოზიცია "ქართული ოცნების" ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ ვაშინგტონის ვიზიტიდან ხელისუფლება კონკრეტულ დასკვნებს გამოიტანს და შესაბამისად იმოქმედებს.

დღის ამბები