საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სტუმრობს - დღეს მას ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. არმენ სარქსიანისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის მთავარი თემა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეგიონული უსაფრთხოება და მთიანი ყარაბაღის შემდეგ კავკასიაში შეცვლილი არქიტექტურა იყო.
ქართველი პრეზიდენტი ადასტურებს, რომ საქართველო მშვიდობის მხარესაა და კვლავ სთავაზობს სომხეთს საკითხზე დისკუსიების სივრცეს, არმენ სარქსიანს ინიციატივისთვის საჯაროდ არ უპასუხია, თუმცა ის კი თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის სამართლიანი მოგვარების გარეშე რეგიონში ხანგრძლივვადიანი სტაბილურობა გაჭირდება.
"მე ბატონ სარქისიანს გავაცანი ჩვენი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. უკანონო ბორდერიზაცია, ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის. კონფლიქტის დროს როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას. ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
სომხეთის პრეზიდენტი ტრადიციულად კრიტიკული იყო აზერბაიჯანული და თურქული მხარის მისამართით. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოებაც განიხილეს, ამჯერად აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების კონტექსტში.
"შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და სტაბილურობის შენარჩუნება არცახის საკითხის მოგვარების გარეშე, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში კონფლიქტის მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ხაზი გავუსვით ომის შედეგად უზარმაზარი ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობას. მათ შორის ვისაუბრე აზერბაიჯანის მხრიდან დატყვევებული მძევლების სწრაფი გათავისუფლების საკითხზე," – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა.
ორი პრეზიდენტი პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ბიზნესის დასახმარებლად საპრეზიდენტო პლატფორმის შესახებაც ალაპარაკდნენ. ხვალ სომეხ სტუმარს უკვე პარლამენტი უმასპინძლებს.