ჩეხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი გრძელდება. ჩეხეთიდან 18 რუსი დიპლომატის გაძევების შემდეგ, "ინტერფაქსის" ცნობით, შესაძლოა მოსკოვში მდებარე ჩეხეთის საელჩომ მუშაობა შეწყვიტოს. რუსეთის დუმის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საპასუხო ქმედებები აუცილებლად იქნება.
2014 წელს ჩეხეთში მომხდარი აფეთქების გამო, ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდო ეჭვმიტანილებად სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ბრალდებულები, ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი დაასახელა. ჩეხეთის პოლიცია ეჭვმიტანილების ფოტოებს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების დროს, პეტროვი და ბოშიროვი ჩეხეთში იმყოფებოდნენ.
ჩეხეთმა რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი რუსეთის 18 დიპლომატს, ჩეხეთის დასატოვებლად 48 საათიანი ვადა მისცა.
ჩეხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მინისტრმა დომინიკ რააბმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" სპეციალური მიმართვა გაავრცელა და მკაცრად დაგმო რუსული სპეცსამსახურის ქმედებები.
აფეთქება, რომელზეც ჩეხეთის მთავრობა საუბრობს და მომხდარში სკრიპალების საქმის ფიგურანტებს ადანაშაულებს, 2014 წელს, ზლინის მხარეში, ამონიუმის ქარხანაში მოხდა. აფეთქებას კერძო კომპანიის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა.