დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ თუ "ქართული ოცნება" 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, იღებს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, – ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მისასვლელი გზა, რომელიც იხილებოდა მოლაპარაკებების პროცესში, იყო პლებისციტი, იყო თვითმმართველობასთან მიბმა, იყო პროცენტზე კამათი. ჩანაწერი არის კომპრომისული ვერსია, სადაც საუბარია 43 პროცენტზე, თუ "ქართული ოცნება" 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნების დროს, ის იღებს ვალდებულებას, რომ 2022 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ პატიმრობაში, იყვნენ თავისუფალი და წარმართონ საარჩევნო პროცესი," – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსნებთ, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დღეს ევროკავშიორის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. ევროკავშირის ოფისში დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ოპოზიციის ლიდერებთან მცირეხნიანი შეხვედრის შემდეგ კი მედიასთან განცხადება კარლ ჰარცელმა გააკეთა. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ შარლ მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებს ახალი, 5 პუნქტიანი დოკუმენტი შესთავაზა.