"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი პარტია შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს სიმბოლურად ხელს აწერს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, ისინი პირდაპირ გადაინაცვლებენ პარლამენტის დარბაზში.
"კეთილი იყოს "გირჩის" ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში. ჩვენ პარლამენტში შემოვედით "გირჩის" გზის აღსასრულებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს, როგორც ხელისუფლებისკენ, რომ ველაპარაკოთ იმ 7 საკითხზე, რომელიც "გირჩს" აწუხებს, რომელიც იქნება მთავარი საკითხები, რომელზედაც "გირჩი" იბრძოლებს ამ შენობაში - დერეფნებშიც და დერეფნების მიღმაც, იმ 7 საკითხისთვის, რომელიც არის მითითებული "გირჩის" გზაში.
ამავდროულად, ჩვენ უნდა ვიყოთ ხალხი, ვინც უნდა წაახალისოს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მეგობრების წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი აღსრულდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ. თუ ეს არ აღსრულდება, ვის მიერ მოხდება ეს იმის მიუხედავად, ეს იქნება პრობლემა ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყნით იმედგაცრუება ჩვენი დასავლელი პარტნიორების.
ჩვენ სიმბოლურად მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს და ველოდებით, პირველ რიგში, ხელისუფლების ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. ამავდროულად, თუ ამას ხელისუფლება არ იზამს, ველოდებით 7-დან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. იქამდე, სანამ ეს მოხდება, კულუარებში, დერეფნებში ველოდებით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთად შევიდეთ პარლამენტის დარბაზში,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.