რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს საპატიმროდან ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გასათავისუფლებლად - ამ საკითხზე რამდენიმე ვერსია არსებობს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ორივე შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ე.წ.-მა პოლიტპატიმრებმა საპატიმრო დატოვონ.
"უამრავი მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, რითაც შეიძლება მელიამ დატოვოს საპატიმრო თავისი ღირსების სრული დაცვით. შესაძლოა ამაში მონაწილეობა მიიღოს ბატონმა შარლ მიშელმაც, კონკრეტულად არ ვისაუბრებ. თუ მელია დატოვებს საპატიმროს, ამის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა მოაწეროს ხელი, რის შემდეგაც გიორგი რურუამ უნდა დატოვოს საპატიმრო და თუ დოკუმენტს სწორად წავიკითხავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გადაიქცეს რეფერენდუმად,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.
პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარის თქმით, სიბეცეა თუ ვინმე შარლ მიშელის დოკუმენტში ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმს ვერ ხედავს.
"ეს არის სიბეცე, ვინც ამბობს, რომ მელიას და რურუას გათავისუფლების მექანიზმები არის გაუგებარი, ან წერა-კითხვა არ იცის, ან თავს იშტერებს. იქ წერია როგორ უნდა გათავისუფლდეს, თანაც უახლოეს დღეებში. როგორც ჩანს, არ უნდათ თავისი თანაპარტიელის ციხიდან გამოსვლა, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, საკანონმდებლო ორგანო შეძლებს ამინისტიის შესახებ კანონის ინიცირებას.
"ეს არ ეხება მხოლოდ ნიკა მელიას, ეხება ყველა იმ პირს, რომელიც 20 ივნისის პროცესებში მონაწილეობდა და მათ მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ამნისტიის შესახებ კანონზე ინიცირება და საუბარი მას შემდეგ, რაც მოხდება გირაოს გადახდა ანუ აღკვეთის ღონისძიება აღარ იქნება პატიმრობა და ამავდროულად პარლამენტის წევრები ოპოზიციიდან იქნებიან წარმოდგენილები, რომელთან ერთადაც ჩვენ დავაინიცირებთ ამნისტიის შესახებ კანონს,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.