ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ახლა იწყება ეტაპი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს ევროინტეგრაციის კუთხით.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თბილისში. განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც ძალიან ბევრ შრომას საჭიროებს და რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით.
მინდა აღვნიშნო, რომ ქართველმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით და მე კარგად ვიცი, რაოდენ დიდი ძალისხმევა გახლავთ ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში. ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. მე მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის. მე მადლობას გადავუხდი ოპიზიციური პარტიის წარმომადგენლებს მათი მზაობისთვისა და გადადგმული ნაბიჯისთვის. ასევე მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი განცხადებისთვის, მზაობისთვის და იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბრძანდებით ჩართული ამ მიმართულებაში, რომელიც უკავშირდება საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციას.
უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს. ეს უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, სამართლებრივ რეფორმას და ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას და ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. რასაკვირველია, საქართველო ძალიან იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომელიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისთვის," - განაცხადა შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.